Wednesday, April 17, 2013

ევთანაზია-მკვლელობა თუ ჰუმანურობა?


  ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და შედგება ორი ნაწილისაგან. –"ეუ" ნიშნავს კარგს. "თანატოს" სიკვდილს. მას (მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით) ძირითადად ექიმები მიმართავენ უკურნებელი სენით შეპყრობილი პაციენტების მტკივნეული სიკვდილისაგან დახსნის მიზნით. ერთი შეხედვით, ამაში თითქოს არაფერია უჩვეულო და გასაკვირი თუმცაღა, დღესდღეობით იგი მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია ლეგალური.ევთანაზია ყოველთვის კამათს იწვევდა და იწვევს დღესაც. მისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები დღემდე ვერ შეთანხმებულან, რატომ უნდა იყოს დაშვებული ან დაუშვებელი მისი გამოყენება.
   ისინი, ვინც ევთანაზიას ემხრობიან, ამბობენ, რომ ის ერთი ადამიანის მიერ მეორეს მიმართ გამოჩენილი ჰუმანური ქმედებაა და რომ, ექიმი, რომელიც პაციენტის მოკვდინების ამ ხერხს მიმართავს, არ შეიძლება დაისაჯოს, ის უბრალოდ მხარში ედგა პაციენტს და იხსნა ტანჯვისგან,  რომელიც მას ელოდა.მაგრამ, იგივე პროცესი რომ განვიხილოთ რელიგიური ჭრილით, ალბათ ვერანაირად ვერ მოხდება მისი გამართლება. უხეშად რომ ვთქვათ, როდესაც პაციენტი ითხოვს რომ მოკლან, და ვინმე ამ თხოვნას ასრულებს, ფაქტიურად ამ თხოვნის შემსრულებელიც ცოდვას სჩადის–კლავს ადამიანს და მეორე მხრივ, თვითონ პაციენტიც–იკლავს თავს, ოღონდ სხვისი ხელით.
      ჩნდება კითხვაც, რატომ არ უნდა შევუმსუბუქოთ ტანჯვა ადამიანს, რომელიც უკურნებელი სენით იტანჯება და ითხოვს მოკვდინებას? ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ევთანაზიის მსურველთა მხოლოდ მესამედზე ნაკლებს აწუხებდა აუტანელი ტკივილები, უმეტესობამ ევთანაზია მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ისურვა, რომ ისინი დამოუკიდებლად ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებდნენ..
   ევთანაზიის მოწინააღმდეგეების სასარგებლოდ მაგალითად მოვიყვან ჰიტლერს, რომელმაც 3 წლამდე ასაკის გონებაჩამორჩენილი თითქმის ყველა ბავშვი გამოასალმა სიცოცხლეს. ნაცისტების აზრით, ეს პრობლემები უნარშეზღუდულ ბავშვებს "უღირსი სიცოცხლის" შესაძლებლობას უქმნიდა. ეს პროგრამა მოგვიანებით გაფართოვდა და მან უფრო დიდი ასაკის ბავშვები და მოზრდილებიც მოიცვა.. ალბათ ყველა დამეთამხმება რომ ეს ფაქტი შემზარავია მისი გამართლება შეუძლებელია.  
ჩემი აზრით, ევთანაზიას ის უარყოფითი მხარეც აქვს, რომ შესაძლოა პაციენტი „მოკლან“ და ცოტა ხანში გამოიგონონ წამალი (დღესდღეობით თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით არაერთი წამალი გამოგონილა) რომელიც ამ პაციენტს გადაარჩენდა მაგარამ ვერავინ ვეღარაფერს შევცვლის, რადგან ის უკვე მკვდარი იქნება..
   ძალიან ძნელია
გაკიცხო ადამიანი იმის გამო თუ რატომაა ის ევთანაზიის ან მომხრე ან მოწინააღმდეგე. თითქოს მესმის იმ ექიმებისაც, რომლებიც ამ გზას მიმართავენ, მართლაც რთულია მშვიდად უყურო სხვის ტანჯვა–წამებას როდესაც შენ შეგიძლია ამის შეწყვეტა, მაგრამ, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  მე მაინც ვთვლი რომ ევთანაზია არ უნდა იყოს ლეგალური. მისი ლეგალიზება გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული, თუმცა დაუშვებელია მისი ჩვეულებრივი მკვლელობად განხილვაც, თავად მისი არსიდან გამომდინარე.